ფილოსოფიური ქვა – თავგადასავალი კოჯრის ტყეში

“ყველა, ვინც სწავლას წყვეტს მოხუცია, არ აქვს მნიშვნელობა 20 წლის არის თუ 80-ის. ყველა, ვინც სწავლას არ წყვეტს ახალგაზრდად რჩება.” – ამბობდა ჰენრი ფორდი.

ვფიქრობ, ეს სიტყვები საუკეთესოდ უსვამს ხაზს, მუდმივი სწავლისა და განვითარების მნიშვნელობას ცხოვრებაში.

ძირითადი ლეგენდის თანახმად ალქიმიაში “ფილოსოფიური ქვა” გამოიყენებოდა როგორც ჩვეულებრივი მეტალის ძვირფას ლითონად გარდაქმნის საშუალება, თუმცა ასევე ცნობილია, რომ მას მიიჩნევდნენ “სიცოცხლის ელექსირად”, რომლის საშუალებითაც მიიღწეოდა მუდმივი ახალგაზრდობა და უკვდავება. ტერმინი “ფილოსოფიური” ქვა ასევე გადატანითი მნიშვნელობითაც გამოიყენება, როგორც “სასურველი შედეგის მიღწევის მთავარი საშუალება”.

თუკი ლეგენდის არსს შევაჯამებთ, ფილოსოფიური ქვის მთელი მომხიბლველობა გამომდინარეობს მის შესაძლებლობაში, რომ ადამიანის ყველაზე ღირებული ოცნების მიღწევაში დაეხმაროს: ეს არის მარადიული სიცოცხლე, მატერიალურ კეთილდღეობასთან ერთად.

მოდით ლეგენდიდან რეალობას დავუბრუნდეთ და დავსვათ კითხვა: რა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირებულება, რომელიც ადამიანისთვის მატერიალურ უზრუნველობას და ხშირ შემთხვევაში მისი სახელის უკვდავებას განაპირობებს?

პასუხზე ფიქრი თქვენთვის მომინდვია.

ამა წლის 29 სექტემბერს, არაფორმალური განათლების ცენტრი “ჰაგრიდის” მიერ ორგანიზებულ იქნა პროექტი “ფილოსოფიური ქვა”, პროექტში მონაწილეობას იღებდნენ კერძო სკოლა “ლოგოსის” მე-6 კლასის მოსწავლეები, პროექტი არაკომერციულ ხასიათს ატარებდა. ცენტრი მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში არაფორმალური განათლების პოპულარიზაციას, “ჰაგრიდი” უფროსი მეგობარია, რომელიც ბავშვებს ინტეგრაციასა და პიროვნულ განვითარებაში ეხმარება.

დღეს მსურს ამ თავგადასავლის შესახებ გიამბოთ.

ჩვენთვის აქტიური დღე დილის 11 საათზე, სკოლა “ლოგოსის” კედლებთან დაიწყო, სადაც შევიკრიბეთ და კოჯრის ტყეებისკენ თავგადასავლების საძიებლად გავემართეთ.

თუმცა ტყემდე იყო სოფლის ცენტრი, სადაც მასწავლებლებმა პირველადი ინსტრუქციები გააცნეს მოსწავლეებს,

ასევე უწყინარი ძაღლი “ტერმინატორი” (ასე შეარქვა, ერთ-ერთმა ბავშვმა), რომელმაც თავგადასავლების მაძიებლების ყურადღება მიიპყრო.

უღრან ტყეში მოგზაურობა სასიამოვნო აღმოჩნდა. ხშირი ტყე, მაღალი ხეები, შემოდგომისფერი მწვანე და ძირს მოფენილი ნამიანი ყვითელი ფოთლები ჩვენს განწყობას ამაღლდებდა და ჩვენც მიზანმიმართულად მივიწევდით წინ – ბანაკისაკენ. ბავშვებმა წინასწარ მიცემული დავალების შესაბამისად, ტყეში საინტერესო და ლამაზი საგნების შეგროვება დაიწყეს.


ბანაკამდე იყო წყარო, სადაც ბავშვებმა ცოტა შეისვენეს და წაიხემსეს, შემდეგ კი შეუსვენებლივ გავიარეთ ყვითელი გზა საბანაკე ადგილამდე, სადაც ჩვენ ახალი, საინტერესო აქტივობები გველოდა.


აქტივობის დაწყებამდე, მასწავლებლებმა ბავშვებს გააცნეს ინსტრუქციები, მოაწყვეს სახალისო “ენერჯაიზერი” და მოსწავლეები ორ გუნდად დაყვეს.  პირველ გუნდს, რომელსაც სახელად “ინდიელი ლეგენდები” დაარქვეს დათო მასწავლებელი, ხოლო “რობინზონებად” წოდებულ მეორე გუნდს ლევანი მასწავლებელი ხელმძღვანელობდა.

პირველი დავალება, ბანაკის მოწყობაში მდგომარეობდა. ბავშვები აქტიურად და შემოქმედებითად მიუდგნენ დავალებას, დაიწყეს კარვების გაშლა და ცეცხლის დასანთებად ხმელი ტოტების მოგროვება.

(ინდიელი ლეგენდები: რეზი, სანდრო, ნიკა, ლიზა, ნიტა)

(რობინზონები: ელენე, ნიცა, ერეკლე, ლუკა, საბა)

ინდიელმა ლეგენდებმა პროფესიულ დროში მოახერხეს კარვის გაშლა, რასაც თან მოყვა ემოციები,

რამდენიმე წუთში გამარჯვების ყიჟინა რობინზონებსაც აღმოხდათ.

კარვების მოწყობის შემდეგ ყველამ ერთად მოვიყარეთ თავი, რათა ერთმანეთი უკეთესად გაგვეცნო. ამ ნაწილში, მსურს ჩვენი მონაწილეები თქვენც გაგაცნოთ.

კეთილი ლუკა

გზაში ბევრი ვისაუბრეთ, მე და ლუკას ბევრი საერთო ჰობი აღმოგვაჩნდა. ლუკას უყვარს ვიდეო გადაღება, აქვს საკუთარი არხი იუთუბზე, რომელსაც 150-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. უყვარს ფეხბურთი და არის აქტიური, კეთილი ბავშვი.

მოუსვენარი ნიკოლოზი

ნიკოლოზი სახალისო და აქტიური ბავშვი აღმოჩნდა “უყვარს სმა და უყვარს ჭამა”, გატაცებულია საშიში ფილმებით და ისტორიებით, შეუძლია შექმნას დადებითი განწყობა.

დინჯი საბა

საბა წარმოშობით რაჭველია, ცხოვრობდა ამერიკაში, როგორც მომიყვა აქვს ვაინერი რაჭის სოფელ სადმერში, უყვარს კალათბურთი, ლაშქრობა და საშიში ისტორიები.

პატარა ერეკლე

ერეკლეს ჰობი მეგობრებთან ერთად ყოფნაა, ასევე უყვარს და ენატრება ძაღლი, რომელიც მხოლოდ ორი დღე ჰყავდა. უნდა რომ მილიონერი  გახდეს და რაც ადვილად შესამჩნევია უყვარს ტექნიკა.

“ფოტომოდელი” სანდრო

სანდრო, საქსა, მოხერხებული და სწრაფი ბავშვია, ფაქტიურად ერთ ადგილზე არ ჩერდება, იშვიათად თუ მოგხვდება თვალში ,

კადრში მითუმეტეს – საშინლად არ უყვარს სურათის გადაღება, თუმცა კოკა-კოლას შემთხვევამ ჩემი ფოტოგრაფიული ნიჭის სანდროზე გამოცდა გამიადვილა. სანდროს სურს, რომ ყველა სურვილი აუსრულდეს.

მხიარული ელენე

ამ აქტიურ და ლამაზ გოგონას უყვარს მეგობრები, ფოტოგაღება და მეგობარი ლიზა, მისი თქმით, ერთი წელია რაც მეგობრობენ,მაგრამ ყველაზე მეტად უყვართ ერთმანეთი. მართლაც ცალ-ცალკე იშვიათად შეამჩნევთ,

ამბობენ, რომ ხშირად ჩხუბობენ, მაგრამ მაინც საუკეთესო მეგობრები არიან.

ხუჭუჭა რეზი

საინტერესო და საყვარელი ბავშვია რეზი, უყვარს სპორტი კალათბურთი, საჭმელი ბადრიჯანი და ყველაზე დიდი სურვილი აქვს, რომ მამამ დიდხანს, ძალიან დიდხანს იცხოვროს.

მეგობრული ნიცა

ნიცა ლამაზი და მხიარული გოგონაა უყვარს ძილი და ძაღლი ბობო. მისი ჰობი მეგობრებთან ერთად ყოფნაა, ოცნებობს პარიზში მოგზაურობაზე და სურს რომ მისმა ძაღლმა სამუდამოდ იცოცხლოს.

ლამაზთვალება ლიზა

ლიზას ძალიან უყვარს ოჯახი და ელენე. ასევე უყვარს გალერეა თბილისში მოგზაურობა. არის აქტიური, უყვარს ფოტოგადაღება.

კეთილი ნიტა

ნიტა საყვარელი და მოწესრიგებული ბავშვია, უყვარს სიმღერა, ხატვა, ჰიპჰოპი, “ღრმა ბავშვობაში” სურდა ბალენირობა, თუმცა ამბობს რომ ადამიანებს ხშირად ეცვლებათ გემოვნება.

“რა არის ბედნიერება?” – ეკითხება ნიტას ლევანი მასწავლებელი.

“ბედნიერება, შეიძლება იყოს სიკეთის კეთება.” – იწყებს ნიტა და მე და ლევანს სუნთქვა გვეკვრის რაღაც მნიშვნელოვანის მოლოდინში.

“სხვას, რომ უხარია მეც ვბედნიერდები, ეს არის ჩემთვის ბედნიერება.”

გაცნობის შემდეგ, ბავშვებმა ჭამეს და თავისუფალი დრო მიეცათ, ვიღებდით ფოტოებს და ვსაუბრობდით სხვადასხვა საინტერესო თემებზე.

საბოლოო, დავალების ორგანიზებისთვის ბავშვებს დამატებით ერთი საათი, მიეცათ, მათ წინასწარ შეგროვილი საგნები ერთ ნატურმორტად უნდა შეეკრათ, რასაც თავი ორიგინალურად გაართვეს.

მოსაღამოვდა, კოცონები გავაჩაღეთ,

ცოტა გავთბით და ემოციებით და შთაბეჭდილებებით სავსეები შინისაკენ გამოვემართეთ, თან კი ყველას გული გვწყდებოდა, რომ ლამაზად გატარებული წუთები ჩამავალ მზესთან ერთად ილეოდა.